დღეს ქართველ ქალთა ორგანიზაცია ,,თამარიონი" დაარსდა. ორგანიზაციის დამაარსებლები არიან მეცნიერ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი აველინა დავითულიანი, მანანა ბიწაძე, ბაია ამაშუკელი, ლეილა ინჯია, მაია ცაცანაშვილი.
აველინა დავითულიანის განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ეროვნული ღირსებების დაცვა. ისინი თანამშრომლობენ თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
„თამარიონმა" პირველი საჯარო განცხადებაც გააკეთა.
„ქალების, დედების უმთავრესი ვალია, ხმა აიმაღლოს და დიდი პროტესტი გამოთქვას ცივილიზებული კაცობრიობისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ყოვლად მიუღებელ, არაადამიანურ ძალადობასა და სისასტიკეზე. ქალის ისტორიული ვალია, ქვეყნის ჯანმრთელი და ბედნიერი მომავლისთვის ზრუნვა, შთამომავლობის დაცვა", - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქალთა ორგანიზაცია ყველა ქალს მოუწოდებს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის წინ შეიკრიბონ, სადაც გაჟღერებული იქნება შემდეგი მოთხოვნები:
1. 26 მაისს მომხდარი ძალადობის ჩამდები პირების დასჯა, საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგით, ქართველი უფლებადამცველების, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მიუკერძოებელი სპეციალისტების მონაწილეობით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და გამოძიების ჩატარება ყველა დანაშაულებრივ ფაქტზე;
2. პოლიტპატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება და გაკარგულ პირთა მოძებნა;
3. პოლიტიკური რეორესიების და ღრსების შემლახავი მოპყრობის შეწყვეტა;
„თამარიონი" ზემოხსენებულ ქალთა პროტესტს მსოფლიოში უპრეცენდენტოს უწოდებს.