საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 7 ივნისს ჩატარდა ჟენევის მოლაპარაკებათა მეთექვსმეტე რაუნდი, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.
„ჩატარდა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელთა მონაწილეებიც ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ჟენევის მოლაპარაკებათა მეთექვსმეტე რაუნდში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია. სამუშაო ჯგუფებში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებამდე გაიმართა საინფორმაციო სესიები შემდეგ საკითხებზე: 1) ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები; 2) იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საკითხი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრო აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მსვლელობისას საქართველომ რუსულ მხარეს მოსთხოვა რუსული სახელმწიფოს დაფინანსებით წარმართული ტერორისტული კამპანიის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, რამაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. მხოლოდ 2011 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა მოახერხეს ორი ტერორისტული თავდასხმის განხორციელებისთვის ხელის შეშლა, მაშინ როდესაც 2011 წლის მარტსა და აპრილში აღკვეთილ იქნა რამოდენიმე ტერორისტული ქმედება. აღნიშნულ მცდელობებს წინ უსწრებდა 2010 წელს განხორციელებული ტერორისტული ქმედებები, რომლის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი. არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის, რომ ყველა ტერორისტული ქმედების დაგეგმვა და განხორციელება ხდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ე.წ. FSB-სა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ე.წ. „გრუ"-ს წარმომადგენლების მიერ, რომელთა ვინაობაც დადგენილია.
„ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადასცა საქართველოს სამართალდამცავების მიერ წარმოებულ გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისათვის საჭირო მასალა. სამწუხაროდ, წინა ჟენევის მოლაპარაკებების მსგავსად, საქართველოს მოთხოვნა რუსულმა მხარემ უპასუხოდ დატოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობა. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მათ პირობებს არ თანხმდებიან. ქართული მხარე არ აპირებს არც ჟენევაში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას უსაფრთხოების ან ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვას რუსეთთან, მაშინ როდესაც მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებას. ორგანიზებული ტერორისტული კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარე იძულებული გახდება, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი. იმავე მიდგომით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ყველა დონეზე მოხდეს ტერორისტული ქმედებების საკითხის დასმა", _ აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინიტრო.
აქვე აღნიშნულია, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას შესთავაზეს, კონსტრუქციულად გააგრძელოს მოლაპარაკებები იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის კუთხით, რომელიც გამომდინარეობს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებიდან, მათ შორის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციიდან.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თანახმად, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს დავა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის თაობაზე. აღნიშნული ხანგრძლივი დავის გადაწყვეტის მიზნით, ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, გააგრძელოს რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდების მსგავსად, რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვაზე. რუსეთის მხარე განაგრძობს იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საერთაშორისოდ დამკვიდეებული პრინციპის ეჭვის ქვეშ დაყენებას. ქართული მხარე აპირებს აღნიშნული საკითხის ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდებში დასმას", - იუწტება საგარეო საქმეთა სამინიტრო.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი მე-17-ე რაუნდი შედგება 2011 წლის 4 ოქტომბერს.