სახალხო კრების ოფისის დაუქვის გამო კრების ლიდერები საკუთარ აქტივისტებთან შეხვედრას ვერის პარკში, ღია ცის ქვეშ მართავენ
როგორც აქტივისტებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს კრების ერთ-ერთმა ლიდერმა და "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, მათ ამ დრომდე არ იციან როდის შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას სახალხო კრების ოფისში.
"ჩვენ იძულებულნი ვართ შევიკრიბოთ ვერის ბაღში, რადგან სახალხო კრების ოფისი დალუქულია და არავინ გვაძლევს პასუხს როდის შევძლებთ იქ მუშაობის გაგრძელებას. ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მცდელობა ხელი შეუშალოს ჩვვენს მუშაობას, თუმცა ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს საქმის კეთებას, ვინაიდან ვმოქმედებთ კონსტიტუციის სრული დაცვით" - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განმარტებით, ისინი არ არიან წინააღმდეგი შესაბამისმა სამსახურებმა კრების ოფისში "მათთვის საინტერესო სამუშაოები ჩაატარონ", თუმცა ასევე იმასაც მოითხოვენ, რომ ამ სამუშაოების დასრულება და კრების დალუქული ოფისის გახსნა დროულად მოხდეს. რაც შეეხება უშუალოდ აქტივისტებთან შეხვედრისას საუბრის განსახილველ საკითხებს ბურჯანაძის განმარტებით, "მათ მიეცემათ მითითება როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა".
"რა თქმა უნდა ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას, პირიქით ვაგრძელებთ იმისთვის რომ XXI საუკუნეში დიქტატურა აღარ იყოს", - აღნიშნა ბურჯანაძემ თუმცა კრების გეგმების დეტალური დაკონკრეტება არ ისურვა.