კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, სრულიად სომხების კათოლიკოს გარეგინ მეორის თბილისში ვიზიტის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის კულუარული საკითხებიც იქნება.
„ლაპარაკი იქნება რამდენიმე სადავო ეკლესიაზე, საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსზე, სომხური დიასპორის მდგომარეობაზე, მაგრამ, ალბათ, იარესებებს რიგი საკითხები, რომლებიც კულუარული განხილვის თემა იქნება.
მაგალითად, ჩემთვის ძალიან მწვავე თემაა ის, რომ (თუმცა არ ვიცი რამდენად შეეხება ამ სკაითხს ორი ქვეყნის კათოლიკოსები) 1993 წლის მერე აფხაზეთში ფუნქციონირებადი სომხური ეკლესია თბილისში მყოფ ეჩმიადინის წარმომადგენელს კი აღარ ექვემდებარება, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ ეჩმიადინის წარმომადგენელს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რატომ ხდება ეს? ამ ქმედებით სომხური ეკლესიის ნაწილი გამოსულია საქართველოს იურიდიული ფარგლებიდან. ასე რომ, ეს ძალიან საინტერესო თემაა", - განუცხადა მამუკა არეშიძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, გარეგინის მეორის საქართველოში ვიზიტი „მაინც იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც ბოლო დროს ქართულ-სომხური პოლიტიკური ელიტების განსაკუთრებული დაახლოება ჰქვია".
„ეს ძალიან საინტრერესო ფაქტია", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ სრულიად სომხების კათოლიკოს გარეგინ მეორე საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ის თბილისს ხვალ, 10 ივნისს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს იქნება სომხების კათოლიკოსის პირველი ვიზიტი საქართველოში.