რუსეთ-ევროკავშირის სამიტამდე ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან გატარებული პოლიტიკის გამო მწვავედ აკრიტიკებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს მკაცრად დააყენონ საკითხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, კი ჯარის გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპარლამენტში გაკეთდა განცხადება, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე განაგრძობს პასპორტიზაციას, არ შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის საკითხზე. დღეს კი ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელშიც აისახება ევროპარლამენტის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
„რუსეთმა უნდა სცეს პატივი მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მან უნდა შეწყვიტოს ზეწოლა უკრაინაზეც. მოვითხოვთ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და დაბრუნდეს კონფლიქტის წინა პოზიციაზე", - განაცხადა ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის წევრმა კრისტინა ოიულანმა.
„ევროპელი რეფორმისტების და კონსერვატორების" წევრ ჩარლზ ტანოკის განცხადებით კი, ევროკავშირმა უნდა დააფიქსიროს მხარდაჭერა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ევროკავშირისკიენ აქვს გეზი აღებული.
„რუსეთს ეკონომიკური ინტერესები აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომლებიც საბედნიეროდ ახლა უკვე ევროკავშირისკენ იღებენ გეზს. ევროკავშირმა უნდა დააფიქსიროს მხარდაჭერა ასეთი ქვეყნების მიმართ. ასევე კარი ღია უნდა იყოს მათი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს უმაღლესი წარმომადგენლები დააყენებენ საქართველოს საკითხსაც რომლის ტერიტორია ანექსირებულია. საქართველოს ტერიტორია რუს ჯარისკაცებს უკანონოდ აქვს დაკავებული, - განაცხადა ჩარლზ ტანოკმა.