საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძემ ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი დივერსიული ფაქტები და საოკუპაციო ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.
ლონდონში ვიზიტის დროს ბაქრაძე ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერს და ქვეყნის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა. აქცენტები ბრიტანეთ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების შემოსვლაზეც გაკეთდა.
„ამ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ორი ძირითადი საკითხი იყო დაყენებული. პირველი საკითხი უკავშირდება უსაფრთხოებას, უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს. მათ შორის იმ დივერსიულ აქტებს რომელიც საქართველოში იგეგმება ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენი ბრიტანელი მეგობრები საქმის კურსში ჩავაყენეთ თუ რა როლს ასრულებს რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამ თვალსაზრისით. მეორე საკითხი იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, ბრიტანული ინვესტიციების გააქტიურება", - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთელ დააფიქსირა.