9-14 ივნისს საქართველოს ესტუმრება მშვიდობის კორპუსის რეგიონალური დირექტორი ჰელენ ლოუმენი, რომელიც შეხვდება მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებსა და ქართველ თანამდებობის პირებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ლოუმენის ვიზიტი ძირითადად შეეხება საქართველოში მშვიდობის კორპუსის როლს განათლების სფეროსა და არასამთავრობო სექტორის განვითარების ხელშეწყობაში. მისი ვიზიტი უკავშირდება მშვიდობის კორპუსის 50 წლის იუბილეს მსოფლიოში და 10 წლის იუბილეს საქართველოში, სადაც ამჟამად 100-ზე მეტი მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე მსახურობს.
ლოუმენი წარმოადგენს მშვიდობის კორპუსს ევროპის, ხმელთაშუაზღვისა და აზიის რეგიონში და მოღვაწეობს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. საქართველო იქნება მისი რეგიონალური ვიზიტის ერთ-ერთი ნაწილი. აღნიშნული ვიზიტი ასევე მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს. მშვიდობის კორპუსი წარმოადგენს ამერიკულ პროგრამას მოხალისეთათვის, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ს მთავრობა. მშვიდობის კორპუსის მისია სამი ძირითადი მზნისaგან შედგება: დაინტერესებული ქვეყნების ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფა; ხელის შეწყობა სხვადასხვა ხალხების მიერ ამერიკული კულტურის უკეთ გაცნობაში და ამერიკელი ხალხის მიერ სხვა ქვეყნების კულტურის უკეთ გაცნობა. 1961 წლიდან დღემდე 200 000 ამერიკელზე მეტმა იმსახურა მშვიდობის კორპუსის მოხალისედ მსოფლიოს 139 ქვეყანაში.