დღეს, 9 ივნისს, 15:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი და ბაია გალერეა წარმოადგენს ელენე ახვლედიანის ესკიზების გამოფენას. ექსპოზიციის გახსნას ბაია გალერეაში კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, საბავშვო თეატრის დირექტორი მიხეილ ანთაძე და თეატრის წარმომადგენლები დაესწრებიან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის მიერ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის სპექტაკლებისთვის შექმნილი 17 ესკიზი („ბიძია თომას ქოხი", „ზანგი ბიჭუნა და მაიმუნი", ერთი უნცობი სპექტაკლი). ქართული კულტურული მემკვიდრეობის ეს უცნობი ნამუშევრები ერთგვარი დამატებითი ინფორმაციაა მხატვრის შემოქმედებასა და კონკრეტულად ქართული თეატრისთვის შექმნილ მხატვრობაზე.
ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში თეატრის მხატვრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მან მოღვაწეობა პირველად კოტე მარჯანიშვილთან დაიწყო და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა თეატრში. გააფორმა უამრავი სპექტაკლი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ნამუშევრების დიდი ნაწილი თეატრების მუზეუმებსა და არქივებში ინახება, გარკვეული ნაწილი კი არასოდეს ყოფილა ექსპონირებული.
გამოფენა 13 ივნისამდე გაგრძელდება.