თბილისის მერმა გიგი უგულავამ სანზონაში მდებარე "დ+" სამშენებლო ობიექტი მოინახულა. როგორც ობიექტზე ვიზიტისას უგულავამ განაცხადა, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ ხელშეკრულება უკვე რამდენიმე სამშენებლო კომპანიას გაუფორმა. მათ შორის არის კომპანია „დ+".
"მერია მზად არის, აღნიშნულ კომპანიისგან მშენებლობის დასრულების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ფართი 400 აშშ დოლარად შეისყიდოს. თბილისის მერიის პროგრამის დახმარებით კომპანია 2009 წელს კრიზისის შედეგად შეჩერებულ მშენებლობას გაანაახლებს. ობიექტი 13-სართულიანია და მისი საერთო ფართი 4 000 კვ.მეტრია. მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალი სახლებით ის 80 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებიც წლების განმავლობაში მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. სამშენებლო პროცესის განახლებას "საქართველოს ბანკი" 908 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება. განახლებულ მშენებლობაზე 25 ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერიის პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც თბილისის მერია იუწყება, მოდიფიცირებული პროექტი უფრო ფართომასშტაბიანია და მის ფარგლებში ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ადმინისტრაციულ დაპირებას გაუფორმებს.
უგულავას თქმით, პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.