დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის - მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით პარიზში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სამრევლომ საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. მრევლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოსული თანხით საქართველოში დევნილ და შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარონ.
აღნიშნული მისიით საქართველოში მამა ანტონი ჩამობრძანდა, რომელიც თავადაც დევნილი გახლვათ. დღეს მამა ანტონი ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ზაქარაიების ოჯახს ესტუმრა და თანხა გადასცა. აღნიშნული თანხა 7 წლის მამუკა ზაქარაიას ოპერაციას მოხმარდება, რომელიც გულის მანკითაა დაავადებული.
როგორც ბავშვის დედამ, მარინა ზაქარაიამ აღნიშნა: „ბავშვი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყავდა. საშუალება არ მქონდა, რომ თბილისში წამეყვანა და მემკურნალა. მას ოპერაცია სჭიდრება. ამ კეთილი საქმით, მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხდევითა და საფრანგეთის მრევლის დახმარებით, შევძლებთ, ბავშვს ვუმკურნალოთ. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის."
მამა ანტონმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი ქველმოქმედება გაგრძელდება: „დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის - მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ქველმოქმედება მხოლოდ ამ ერთ ოჯახს არ შეეხება. კიდევ რამდენიმე დევნილ და შეჭირვებულ ოჯახს დავეხმარებით და ამ კეთილ საქმეში ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ."