"ოპოზიციური რვიანი" საარჩევნო რეფორმის პროცესში ფართო საზოგადოების აქტიურ ჩართვას დღეიდან შეუდგება.
როგორც „რვიანის" ლიდერები აცხადებენ, ამ მიზნით ისინი რეგიონებში გასვლას იწყებენ.
„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. ახლა გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და ამ პროცესში მათი ჩართვა. ამ ორი აუცილებელი პირობის გარეშე ხელისუფლება დათმობებზე არ წავა", - აცხადებენ „რვიანის" ლიდერები.
მათივე ინფორმაციით, იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ქართული საზოგადოება საარჩევნო გარემოს შეცვლაზე და რამდენად აუცილებლად მიაჩნია ის, „რვიანის" ორგანიზებით მოქალაქეთა გამოკითხვა ჩატარდება. დაგეგმილია, ხელმოწერების შეგროვებაც.
„როცა გამოკითხვის შედეგებსა და მილიონობით ხელმოწერას დავიჭერთ ხელში, მივადგებით ხელისუფლებას და ვეტყვით, რომ ხალხს საარჩევნო გარემოს შეცვლა სურს. შემდეგ ამ ყველაფრის საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება მოხდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.