საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ავსტრიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ მიხაელ შპინდელეგერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დადებითი დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარების აუცილებლობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
გრიგოლ ვაშაძემ ასევე შეხვედრა გამართა ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრიტც ნოიგებაუერთან (Fritz Neugebauer).
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორების შეხვედრა თავიანთ ავსტრიელ კოლეგებთან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს "საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ" შეთანხმებას.