„საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე არსებობდა ორი მოდელი: ერთი არის პუტინის სტაბილურობა, ხოლო მეორე - ელცინის ქაოსი. საქართველომ კი, ყველას აჩვენა მესამე მოდელი, რომელიც სრულ განვითარებას, ახალი სასტუმროების, ახალი ბულვარის, ულამაზესი ხიდის მშენებლობასა და ბევრ სხვას გულისხმობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა წუხელ, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას.
მისივე თქმით, ქვეყანამ, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, პოსტსაბჭოთა ხალხს ეს აღმავლობა დაანახა.
„ადამიანები, რომლებიც საქართველოში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან ჩამოდიან, ამბობენ: მესამე მოდელი ნამდვილად არსებობსო. ჩვენც სწორედ ამიტომ ვართ მათთვის საშიში და ამის გამო ეშლებათ ნერვები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, აღნიშნული ორი მოდელი ეფუძნებოდა ერთა შორის განსხვავებას, ერთა დაყოფას და ერთმანეთზე გადაკიდებასა და დაპირისპირებას, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და კულტურის მქონე ადამიანებით მანიპულირებას და ამ მეთოდით მართვას. მესამე - საქართველოს მიერ შემუშავებული ახალი მოდელი კი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების გაერთიანებას გულისხმობს.
„ჩვენი სისუსტე იყო ის, რომ ყოველთვის გვაპირისპირებდნენ. როდესაც 90-იან წლებში რუსეთი აფახაზეთში ხელს აფათურებდა, ერთმანეთთან დააპირისპირეს ეთნიკური ქართველები, გალელები და ოჩამჩირელები, სოხუმელები და ზუგდიდელები, აფხაზები და ქართველები, სომხები და ქართველები... ესეც ჩვენი სისუსტე იყო და ამის შემდეგ, ხელის ფათური მათთვის ძალიან ადვილი გახდა. მაშინ რომ ის გამოცდილება გვქონოდა, რომელიც დღეს გვაქვს, რუსეთის იმპერია ვერაფერს დაგვაკლებდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. უნდა ვისწავლოთ, რათა ჩვენ საწინააღმდეგოდ დღეს მაინც ვერავინ ვერ მოახერხოს ყოველივე ამით მანიპულირება. ის, რასაც აქ ვქმნით, სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, რადგან მას გადამწყვეტი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თავისუფლების მოყვარე ყველა ერისთვის საქართველოს გარშემო. ამიტომ, აქ ჩემთვის არის პატარა უტოპია - ამ ულამაზეს ბულვარში თქვენ ხედავთ ველოსიპედის გზებს, ახალ აკვაპარკს, იალქნიან ნავებს, შადრევნებს... იცით, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მეფე „შადრევან პირველს" მიწოდებს და ეს სულაც არ მწყინს. ჯობია „შადრევან პირველი" გიწოდონ, ვიდრე ჩინგიზ ხანი ან რომელიმე სხვა მსგავს მმართველს შეგადარონ. მინდა, რომ ყველამ გავითავისოთ - ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რათა უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პირადად მისთვის „თანასწორობის სტანდარტი არის ის, რომ შევცვალეთ ელიტური წყობა, რომლის პირობებში, ერთი და იგივე ათასი, ხუთი ათასი ან თუნდაც ათი ათასი კაცი ერთსა და იმავე ქუჩაზე, ერთსა და იმავე ადგილზე, წყვეტდა როგორ ეცხოვრა დანარჩენ 5 მილიონს და თქვენი აზრი სულ არ აინტერესებდა".
„ეს, ერთხელ და სამუდამოდ, წარსულს ჩაბარდა. მათ არ აინტერესებდათ არც სხვა ქართველების, არც ქართველი აზერბაიჯანელებისა და არც ქართველი სომხების აზრი. ამ ერთობას დღეს ყველანი ერთად ვქმნით და მსურს, რომ ეს ბანაკი იყოს იმის სიმბოლო, თუ რას ნიშნავს მაღალი სტანდარტი, თუნდაც, რამდენიმე დღით", - განმარტა საქართველოს პირველმა პირმა.