საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, დემოკრატია არ არის ის, როცა რამდენიმე ასეული ადამიანი ქალაქის ცენტრში ალიაქოთის მოწყობას გადაწყვეტს.
„დემოკრატია არ არის ის, როცა რამდენიმე ასეული ადამიანი მიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში ალიაქოთი უნდა მოაწყოს, მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ - მათ ჰგონიათ, რომ დანარჩენი ხალხი ბრიყვია და ყველაფერი მხოლოდ თავად ეკუთვნით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა წუხელ, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას.
მისივე განმარტებით, დემოკრატია არის ღირსების შენარჩუნება, სიმართლის გატანა და მისი საზოგადოებისთის დამტკიცება.
„დემოკრატია არის თქვენი საქმიანობა სკოლის მერხიდან დაწყებული და პატრიოტთა ბანაკებით დამთავრებული. თქვენი ღირსების შენარჩუნება, თქვენი შეხედულებების გამოვლენა, ბევრი თქვენნაირი ადამიანის პოვნა და სტრუქტურად ჩამოყალიბება, თქვენი სიმართლის გატანა და დამტკიცება საზოგადოებისთვის, რათა დანარჩენებმა დაგიჯერონ - აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია", - მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა ბანაკის დამსვენებელთა პირველ ნაკადს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი დარმწუნებულია, რომ საქართველოს ახალი თაობა სწორედ ასეთი იქნება.