8 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიმართება არქიტექტორ მიხეილ კალაშნიკოვის 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კალაშნიკოვის მიერ შესრულებული პროექტები, ანაზომები, ჩანახატები, მასალები მოსკოვში დაცული მისი პირადი არქივიდან.
გამოფენას აწყობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და საქართველოს არქიტექტორთა კავშირი.
არქიტექტორი მიხეილ გიორგის ძე კალაშნიკოვი (1886-1969) იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის, როგორც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესწავლაში, ასევე ქართული არქიტექტურის განვითარებაში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მ. კალაშნიკოვმა აზომა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი, მათ შორის: ატენი (VII ს.), წრომი (VII ს.), ძველი შუამთა (V-VII სს.), იკორთა (XII ს.), ყინწვისი (XII-XIII სს.), ტიმოთესუბანი (XIII ს.), ფიტარეთი (XIIIს.), ბეთანია (XIII ს.) და სხვა.
მ. კალაშნიკოვი შემოქმედებით მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1915 წლიდან-1940 წლამდე შეადგინა 100-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა პროექტი (აქედან განხორციელდა 18), რომლებიც გამოირჩევა მაღალი პროფესიული ოსტატობით. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ლიბანის სანატორიუმი, 1926 წ.; ხაშურის თეატრი, 1927 წ.; თბილისში _ ადმინისტრაციული შენობა ლეონიძის ქ., 2, 1934 წ.; საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის პრ., 147, 1935 წ.; ბალნეოლოგიური კურორტის შენობა, 1937 წ.; ასბინიანი სახლი გმირთა მოედანზე, 1939 წ.; სიონის ტაძრის XV ს.-ის სამრეკლოს რესტავრაცია, 1946 წ. და სხვ..