ხვალ, 8 ივნისს, თეატრალური პრემია "დურუჯის" ლაურეატების კანდიდატების "მოკლე ნუსხა" გახდება ცნობილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პრემიის ხუთკაციანი ჟიურის მიერ თითოეული ნომინაციისთვის 5 კანდიდატი შეირჩა, რომელთა ვინაობაც 13:00 საათზე, რუსთაველის თეატრის VI დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
წელს პრემია გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, "მოკლე ნუსხა" საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციისთვისაც შედგა და ლაურეატს გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით.
თეატრალური პრემია "დურუჯის" კონკურსში 25 თეატრის 36 განაცხადია შემოსული.
დაჯილდოების ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" ინიციატივით 11 ივნისს ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართება.