მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია სოსო ჯაჭვლიანის სანახავად რესპუბლიკური საავადმყოფოში არ შეუშვეს.
"პოლიციის ორმა თანამშრომელმა, რომლებიც სოსო ჯაჭვლიანის პალატასთან დგანან, ეკა ბესელია მის სანახავად არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ბესელიას ჯაჭვლიანის ნახვისა და პალატაში შესვლის სპეციალური ნებართვა ჰქონდა, როგორც საადვოკატო საქმიანობის მქონე პირს. ბესელიამ პოლიციას წარუდგინა დაცვის ორდერი ჯაჭვლიანთან დაკავშირებით. რამდენჯერმე მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის პოლიციის თანამშრომელმა ბოკუჩავამ, რომელმაც სატელეფონო ზარით მიიღო დავალება და აგრესიულად იქცეოდა, კატეგორიული უარი განაცხადა ეკა ბესელიას შეშვებაზე", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
ბესელიას შეფასებით, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, დაცვის უფლების იგნორირება და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც დასჯადი ქმედებაა.
ბესელია ამის თაობაზე რეაგირებას ითხოვს და სპეციალურ განცხადებას უგზავნის იმ პირებს, ვინც მომხდარზე რეაგირების პასუხისმგებელია. ინფორმაცია ეცნობა ასევე სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს.