კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის განახლების შესაძლებლობას 50/50-ზე უყურებს.
„ომის განახლების ალბათობას ვვარაუდობ 50-50-ზე. მაინც ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მუქარები სომხეთის მიმართ პიარის ელემენტებს შეიცავს. ფაქტია, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული. საერთაშორისო ორგანიზაციების ამბიციურობისა და პასიურობის გამო, იმის იმიტაციას კი არ ხდება, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად რაიმე მოქმედება მიმდინარეობს, ამიტომაც აზერბაიჯანის მხარეს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ამ ტიპის განცხადებები აკეთოს" - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" არეშიძემ.
მისივე განმარტებით, ომის განახლების შემთხვევაში, ეს არ იქნება მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი, არამედ ის გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც მოახდენს გავლენას.
„ეს არ იქნება მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი. ეს იქნება მთლიანად რეგიონის ომი, რომელიც გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე იმოქმედებს. კონკრეტულად საქართველოს 25-30 წლით უკან გადააგდებს და ხელს მოათბობინებს მხოლოდ ჩვენს მტრებსა და მეზობლებს", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა სომხეთისადმი მუქარა გაახშირა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც სომხეთი მთიან ყარაბაღთან მიმართებაში მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა, რის კონტექსტშიც, აცხადებს, რომ ომი გარდაუვალია.