დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი ვებპროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
სააგენტოს ვებ გვერდზე მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს შეუძლიათ გამარტივებული წესით, ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით მიიღონ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ამონაწერში ასახულია კომპანიის დასახელება, იურიდიული მისამართი, მისი ოფიციალური წარმომადგენლები, უფლებამოსილი პირები, პარტნიორები და მათი წილობრივი მონაცემები, ინფორმაცია ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ, ასევე კომპანიის ქონებასა და პარტნიორთა წილებზე ყადაღისა და აკრძალვების, საგადსახადო გირანობა-იპოთეკისა და გირავნობების შესახებ.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს სრულიად უფასოდ, ვებგვერზე მარტივად მიძიოს არა მხოლოდ ბოლო ინფორმაცია კომპანიის შესახებ, არამედ ყველა ტრანზაქცია, ანუ სრული ისტორია, ასევე შეუძლიათ გაეცნონ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს, განცხადებებსა და სხვა მონაცემებს. სააგენტოს ვებგვერდზე შესაძლებელია ასევე განაცხადის შევსება და მისი ელექტრონულად წარდგენა საჯარო რეესტრში. კანონით განსაზღვრულ ვადაში მომზადებულ დოკუმენტს დაინტერესებული პირი ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღებს.
იუსტიციის სახლის მენეჯერმა თამარ სამსონიამ, პრეზენტაციაზე აღნიშნა: „იუსტიციის სახლის მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს და მათთვის კომფორტული მომსახურებისთვისაა შექმნილი. აღნიშნული ვებპროგრამის საშუალებით მომხმარებლები სამეწარმეო რეესტრიდან ინფორმაციას საქართველოს ნებისმიერ წერტილში ქალაქიდან, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით მიიღებენ. ეს სერვისი დაზოგავს მათ ენერგიას და დროს, რაც ასე მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოებაში".
ამონაწერის განახლებით კომპანიის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად აისახება საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. მომსახურების საფასურის გადახდაც ვებ-გადახდის სისტემით, საბანკო პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი.
სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, მასში განთავსებული ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.