თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, დღეიდან "რვიანი" მოქმედების ახალ ეტაპზე გადადის. ასე აფასებს ალასანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში საზოგადოების ჩართვის თაობაზე "რვიანის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"პოლიტიკა არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ ხალხმა უნდა აკეთოს. ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ვტოვებთ, მაგრამ მათ პასუხს აღარ დაველოდებით და ვაგრძელებთ საზოგადოების ჩართვას სარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. ეს უნდა გახდეს სამოქალაქო პროცესი, რათა სააკაშვილმა დაინახოს, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს მისაღწევად "რვიანმა" ქუჩის აქციებსაც მიმართოს.
ამასთან, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნები ახალ საარჩევნო გარემოში ჩატარდება.
"ეს არის რთული პროცესი, რომელსაც თან ახლავს იმედგაცრუება, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნები ახალ გარემოში ჩატარდება და საზოგადოების ერთსულოვნებით ნაციოალური მოძრაობა დამარცხდება", - განმარტა ალასანიამ.