"ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე რვიანის ფორმატში მომუშავე პოლიტიკურ ლიდერებს მიმართავს, რომ განხილვისა და პრინციპული გადაწყვეტილებების თემად იქცეს "ლეიბორისტული პარტიის" საარჩევნო ინიციატივები.
"მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, 8-იანის ფორმატში მომუშავე პოლიტიკურ ლიდერებს, რომ კვლავ ფუჭად არ გავიდეს დრო, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშვებს და განხილვისა და პრინციპული გადაწყვეტილებების თემად იქცეს ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო ინიციატივები, რომლის გარეშეც საქართველოში ხელისუფლება არჩვენების გზით არ შეიცვლება", - განაცხადა კირთაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
"ლეიბორისტული პარტიის" საარჩევნო ინიციატივები კირთაძის თქმით შემდეგია: 1. არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. 2. გაუქმდეს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა, რომელიც წარმოადგენს წყაროს ელიტარული კორუფციისა და იქმნება ხელისუფლებისადმი პოლიტიკური ერთგულების ნიშნით. 3. საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიების პარიტეტული პრინციპით. 4. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს საარჩევნო ყუთების გახსნა და ხმების ხელახალი გადათვლა. 5. საარჩევნო დავების აპელაცია განიხილოს საერთაშორისო ორგანიზაციბის მიერ დაკომპლექტებულმა სპეციალურმა სააპელაციო კომისიამ.
"26 მაისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როდესაც მთელი სისასტიკით, ძალადობრივად და არაპროპორციულად იქნა დარბეული მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც არიან დაზიანებული ჟურნალისტები, დაჭრილი, დასახიჩრებული და ღირსებააყრილი დემოსნტრანტები, არიან ასობით უსამართლოდ დაპატიმრებულები, დაკარგულები და, სამწუხაროდ, ცხედრები; როდესაც შეზღუდულია პოლიტიკური თავისუფლება, მათ შორის, სულ უფრო შეუძლებელი ხდება გამოხატვის თავისუფლება, მიგვაჩნია, რომ პრინციპულად და უალტერნატივოდ დგას ხელისუფლების შეცვლის საკითხი", - აღნიშნა კირთაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას დაბეჯითებით მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ერთპარტიული რეჟიმისაგან მიტაცებული ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს.