ოპოზიციური რვიანი ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. იმის შესახებ რომ "რვიანი" მოლაპარაკებების ფორმატს არ ეთიშება, ოპოზიციონერმა ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
ლიდერების თქმით, ამის პარალელურად "რვიანი" სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში საზოგადოების გააქტიურებას და ჩართვას გეგმავს, რა მიზნითაც ის ქვეყნის მოსახლეობასან აქტიურ შეხვედრებს იწყებს.
პირველი შეხვედრა "რვიანის" ლიდერებმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დღეს თბილისი მარიოტში გამართეს. ამავე შეხვედრაზე მათ განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს "რვიანში" შემავალი ყველა ოპოზიციუირ პარტიის წარმომადგენელი აწერს.
"ხელისუფლებამ დღემდე არ მოისურვა ურთიერთკომპრომისებისა და შეთანხმებების გზით სიარული. ამ ვითარებისთვის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მინშვნელოვანი სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პროცესების მთავარი მონაწილის - ხალხის უფრო აქტიურად და უშუალოდ ჩართვას. სამართლიანი არჩევნებისთვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით", - ნათქვამია "რვიანის" განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "რვიანის" მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე საზოგადოების მხარდაჭერა დაფიქსირდება საერთო სახალხო გამოკითხვის ჩატარებით.
"ჩვენი ამოცანაა ხალხს მივცეთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სააერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით. ეს ამოცანები მიიღწევა: 1. საკუთარი უფლებების დასაცავად მობილიზებული საქართველოს მოქალაქეების აქტიურობით არა ერთ რომელიმე ადგილზე, არამედ 3500 საარჩევნო უბანში და 2. საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხარდაჭერით", - აღნიშნულია განცხადებაში.