"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ლონდონში ბრიტანულ-ქართული ასოციაციისა და ლონდონის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოების წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა ლონდონის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გიორგი თარგამაძემ დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
"დემოკრატიზაცია, განვითარება და დეოკუპაცია - ეს არის სამი უმთავრესი პრობლემა, რაც საქართველოს წინაშე დგას და მათ გადასაჭრელად ქართველებმა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ " - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გაერთიანებულ სამეფოში ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ მიიწვია. დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, პარლამენტსა და კონსერვატიული პარტიის მთავარ ოფისში. ვიზიტი 8 ივნისს დასრულდება.