ავსტრიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ავსტიელ კოლეგას,, მიხალ შპინდელებერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საკუთარი ურყევი პოზიცია.
„შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ საკითხებში მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ავსტრიის სავაჭრო პალატამ მოაწყოს ბიზნესფორუმი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბებიან. ამით ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გავამყარებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გრიგოლ ვაშაძის თქმით კი, ავსტრიის მთავრობამ საქართველო და მთლიანად შავი ზღვის რეგიონი თავისი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.
„გაიზარდა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა და პირადად ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკონტროლებს ამ პროცესს. მინდა ვთქვა, რომ ავსტრიის ბიზნესს არასდროს ჰქონია ისეთი წახალისება ავსტრიის მთავრობისგან საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, როგორიც დღეს აქვს", - განმარტა გრიგოლ ვაშაძემ.