ამერიკელი კონგრესმენები ჰოლივუდური ფილმის "აგვისტოს 5 დღის" საპრემიერო ჩვენებაზე დასასწრებად არ ჩამოსულან. როგორც პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა დევიდ დრაიერმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტი იმაზე ადრე დაინიშნა, ვიდრე ფილმის პრემიერის თარიღი გახდებოდა ცნობილი.
დრაიერის ინფორმაციით, ვიზიტი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიულობის საკითხებში პარტნიორობის კომისიის ფარგლებში ხორცილდება, რომელიც თანამშრომლობს ახალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებთან.
"ამ ვიზიტის ფარგლებში კიდევ სამ ქვეყანაში უნდა გავმართოთ შეხვედრები. ხვალ თბილისიდან კიევში გავემგზავრებით და უკრაინელ კოლეგებს შევხვდებით, რის შემდეგაც ყირგიზეთსა და მონღოლეთში გადავინაცვლებთ", - აღნიშნა აშშ-ის კონგრესის წევრმა.
პრესკონფერენციაზე ამერიკელი კონგრესმენები ფილმის ~აგვისტოს 5 დღის~-ის პრემიერას გამოეხმაურნენ. როგორც დრაიერმა აღნიშნა, მისთვის, როგორც აშშ-ის კონგრესში კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესის წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთან - შერონ სტოუნთან, რენი ჰარლინთან, ენდი გარსიასთან, დინ კეინთან და სხვებთან შეხვედრა, რომლებიც სწორედ ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი თბილისში ფილმ ~აგვისტოს 5 დღის~ საპრემიერო ჩვენებისთვის ჩამოვიდნენ.