მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ლაშა ჩხარტიშვილის , ირინა ბათიაშვილის და მაია ბარათაშვილის დაკავებას უკანონობად მიიჩნევს და სასამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
„სამწუხაროდ საქართველოს საქალაქო სასამართლომ მორიგი პოლიტიკური განაჩენი გამოიტანა და სამივე დაკავებული პირი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად... ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მიერ აქციის დროს დაკავებული რომელიმე მოქალაქე გაემართლებინა სასამართლოს. ამით წახალისებული პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ", - ნათქვამია ეკა ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.
აღნიშნულის კონტექსტში, ბესელია აცხადებს, რომ აპროტესტებს და გმობს უკანონობას და პოლიციურ რეჟიმს.
„სააკაშვილის ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს და პოლიტიკურ დევნას განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას: შეისწავლონ ეს ფაქტები და მოახდინონ რეაგირება საერთაშორისო მექანიზმებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი, ირინა ბათიაშვილი და მაია ბათიაშვილი კიდევ რამდენიმე პირთან ერთად სამართალდამცველებმა გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ „აგვისტოს 5 დღის" პრემიერის ფონზე საპროტესტო აქციის მოწყობა სცადეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩხარტიშვილს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ირინა და მაია ბათიაშვილები დააჯარიმა 400 ლარით.