აშშ-ს კონგრესის წევრები ქუთაისში პარლამენტის გადატანის საკითხით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მაგადა ანიკაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეხვედრის შემდგ განუცხადა.
"შეხვედრაზე ამერიკელი კონგრესმენები დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი. ამასთან, სხვათაშორის ასევე დაინტერესდნენ რამდენად მიზანშეწონილია პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რადგან მათი მოსაზრებით ორ ქალაქში, მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობა შესაძლოა უფრო ნაკლებ ეფექტური იყოს", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ამერიკელ პოლიტიკოსებს "ქრისტიან-დემოკრატების" მოსაზრება გააცნო, რომელიც 26 მაისის მოვლენების გამოძიებას უკავშირდება.
ამასთან, ანიკაშვილის თქმით, კონგრესმენებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ ტერიტორიების ახლოს არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და ამ ტერიტორიებიდან პროვოკაციების მოწყობის საფრთხეებზე.
"ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", - აღნიშნა ანიკაშვილმა.