ოპოზიციური "რვიანი" ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ პირველ განცხადებას ხვალ, 7 ივნისს გააკეთებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „რვიანში" შემავალ „ახალ მემარჯვენეებში" განუცხადეს, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, რითი უპასუხებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის ოპოზიციური ნაწილი „ხელისუფლების იგნორირების პოლიტიკას".
წინასწარი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს „რვიანის" არც ერთი წინადადება არ მიუღია, „რვიანი" მოლაპარაკებების შეწყვეტას არ აპირებს და მეტიც, ის ახალი ინიციატივებითაც გამოვა.
შეხვედრა, რომელზეც, ოპოზიციური პარტიები ახალ სამოქმედო გეგმას გაახმოვანებს, ხვალ, „თბილისში მარიოტში", 13:00 საათზეა ჩანიშნული. მას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ "რვიანმა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა, მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე საკუთარი პასუხი წერილობითი ფორმით მაისის ბოლომდე დაეფიქსირებინათ.