საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსი კოლეგის, გრიგორი კარასინის განცხადებას „ცინიკურს" უწოდებს.
„ბატონ კარასინს ვაცნობებთ, რომ საქართველოს მეზობლებთან პრობლემა არ აქვს, გარდა ერთი სახელმწიფოსა, რომელსაც რუსეთი ჰქვია. აქედან გამომდინარე, მისი განცხადება ცინიკურია, მით უმეტეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზულ დარღვევებს სწორედ რუსეთის მხრიდან აქვს ადგილი", - ასე გამოეხმაურა კალანდაძე კარასინის განცხადებას.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს შსს-ის მიერ აღკვეთილ მორიგ ტერაქტს, რომლის უკანაც, რუსეთის სპეცსამსახურის ყოფნა დადასტურებულია, კალანდაძის შეფასებით, ამ საკითხით კარასინის სპეკულირება „არასერიოზულია".
„ასეთი განცხადების გაკეთება წარმოადგენს მცდელობას დანაშაული საქართველოს გადმოაბრალოს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მხრიდან რუსეთის ტერაქტში დადანაშაულება, მეზობლებთან არსებული პრობლემებისგან თავის დაღწევის საშუალებას წარმოადგენს.