ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის თარიღი ისევ უცნობია.
„როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა ეს იქნება მხარეთა შორის შეთანხმებაზე დამოკიდებული. მთავარია, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების დინამიკა არსებობს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, კალანდაძემ ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით გადაიდო და აღნიშნა, რომ „დრო, გარკვეული საკითხების მოსამზადებლად შუამავალმა მხარემ - შვეიცარიამ ითხოვა".
შეგახსენებთ, რომ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს თავად რუსულმა მხარემ სთხოვა. პირველი შეხვედრა შვეიცარიაში, მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.