საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ,,ცისფერი გალერეის" განახლებული შენობა გახსნა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ცერემონიალზე განაცხადა, მუზეუმის განახლება იმის სიმბოლოა, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება სამოქალქო ომის ორომტრიალში და არც რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში.
,,ჩვენ საქართველოში ბოლო წლებში ავაშენეთ მრავალი მუზეუმი. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ მუზეუმი ააშენო. მთავარია, რომ გქონდეს იქ გამოსაფენი ხელოვნება, საყოფაცხოვრებო კულტურის ნიმუშები, ხელნაწერები, შენი ისტორიული არქეოლოგიური საგანძური. 90 წლებში ყველაფერი იფლანგებოდა და იძარცვებოდა. იყო ჟამი ქვების გაბნევის და არის ჟამი ქვების შეგროვების. ახლა ჩვენ მოვახერხეთ ბევრი მოპარული ნამუშევრის დაბრუნება", - განაცხადა პრეზიდენტმა ცერემონიალზე.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ინტელიგენციას და სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.
"მინდა გთხოვთ, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ ჩვენი კულტურა კიდევ მეტად წარმოვაჩინოთ. ჩვენ მსოფლიო რუკაზე დაბრუნება ხდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის მსხვერპლი ვართ. არამედ იმის გამო, რომ ვართ განსაკუთრებული ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მსოფლის ცივილიზაციაში და დღეს რასაც ჩვენ ვქმნით, დარჩება შემდგომ ეპოქებს", _ აღნიშნა სააკშვილმა.
ეროვნული გალერეა 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა. 2007-2010 წწ. გალერეის რეკონსტრუქცია პორტუგალიური არქიტექტურული ჯგუფის და სამშენებლო კომპანია "არსის" თანამშრომლობით განხორციელდა.