"მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი, წარმოშობით ფინელი ვარ, დიდი დრო ამერიკაში გავატარე, ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოს მსგავსი არაფერი მინახავს", - ასე დაიწყო საუბარი რეჟისორმა რენე ჰარლინმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ფილმის გადაღების რამდენიმე სცენა და ემოციაც გაიხსენა, რომელიც "აგვისტოს 5 დღეზე" მუშაობას ახლდა თან.
"დღეს ჩემთვის უაღრესად ემოციური დღეა. საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი, რა ისტორია უნდა გადამეღო. საინტერესო პროცესი იყო ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან, ხალხთან საუბარი ... როდესაც მოვლენებს გავეცანი, ჩემთვის ფილმის გადაღება ერთგვარ იდეა ფიქსადაც იქცა... მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, რომელიც ფილმის გადაღებისას მოხდა... ჩვენს ოპერატორს, რომელცაც უამრავ ცხელ წერტილში უმუშავია, თვალზე ცრემლიც კი მოადგა. მიზეზი რომ ვკითხე, ასეთი რამ მომიყვა: თურმე ერთ-ერთი გადაღებისას თავის მეწყვილეს მიუბრუნდა, რომ დახმარება ეთხოვა, მაგრამ ის გარდაცვლილი ნახა. სწორედ ამიტომ ეს ფილმი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან მასში ჩვენ ასეთი ადამიანების სახელითაც ვლაპარაკობთ", - აღნიშნა რეჟისორმა.
გარდა ამისა, რენე ჰარლინმა ქართული სტუმართმოყვარეობის, სამზარეულოსა და ქართველი ქალების სილამაზის გამო კმაყოფილება გამოთქვა.