ქუთაისში "უშუ-კუნფუს" ტატამის გარეშე, ბეტონზე და იატაკზე ასწვლიან. ქუთაისელ სპორტსმენებს სავარჯიშო დარბაზი და შესაბამისი ინვენტარი არ გააჩნიათ. აღმოსავლური ორთაბრძოლის 20 კაციანი ჯგუფი ქუთასის 23-ე საჯარო სკოლაში ვარჯიშობს და უკვე რვა წელია ყოველწლიურად ქირის სახით 1200 ლარს იხდის. აღნიშნული თანხის გაღება "უშუ-კუნფუს" დამსახურებულ მწვრთნელს, დავით ნანავას საკუთარი ჯიბიდან უწევს.
"უშუ-კუნფუს" ფედერაციის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა გიორგი ვერულაძემ ჩვენი პრობლემების შესახებ ყველაფერი იცის, ჩვენ მას ვენდობით, თუმცა ვითარება ამ დრომდე უცვლელია. სპორტსმენები იატაკზე, სახეობისთვის შეუსაბამო გარემოში, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში ვარჯიშობენ, სადაც ქირის სახით ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას, 1200 ლარს საკუთარი შემოსავლიდან ვიხდი. ვერულაძე გვეუბნება, რომ ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურს დახმარება სთხოვა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას "უშუ-კუნფუს" მწვრთნელმა დავით ნანავამ და დასძინა, რომ "განსაკუთრებულ შემთხვევებში ტატამს კარატისტებისგან ნათხოვრობენ".
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ცამციშვილი სპორტსმენების პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. ქალაქის მერია აღმოსავლური ორთაბრძოლის მიმდევრებს პრობლემების მოგვრებას ახლო მომავალში ჰპირდება.
"ფედერაციამ დახმარების თხოვნით რამდენიმე თვის წინ მოგვმართა. ვიცით, რომ ტატამი და სავარჯიშო დარბაზი არ აქვთ. მათ სათანადო დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლება, ან საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აღმოუჩენს. უახლოეს მომავალში ქუთაისის სპორტის სასახლეში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას "უშუ-კუნფუს" სპორტსმენებიც მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის სპორტის აღნიშნული სახეობა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია", - განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა.
ცნობისთვის, დავით ნანავას არა ერთი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის მწვრთნელია. მისი მოსწავლეებიდან აღმოსავლურ ორთაბრძოლაში განსაკუთრებულ წარმატებას 25 წლის დავით ნიჟარაძემ მიაღწია. იგი "უშუ-კუნფუში" მსოფლიო ჩემპიონია, 13 წლის გიორგი შოთაძე კი ევროპის პრიზიორი. არასრულწლოვანი სპორტსმენი კონტინენტის საუკეთესო ათეულში ირიცხება.