პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, რომელიც პორტუგალიას არსებული ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 -ზე გაიხსნა და 19:00-მდე იმუშავებს, რის შემდეგაც არჩევნების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი.
გამოკითხვების მიხედვით, "სოციალ-დემოკრატები" ლიდერობენ, ისინი მმართველ - "სოციალისტურ პარტიას" არც ისე დიდი პროცენტული მაჩვენებლით უსწრებენ.
გამოკითვის შედეგებიდან გამომდინარე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვერც ერთი პარტია ვერ შესძლებს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლას და სამთავრობო კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას.
ანალიტიკოსების აზრით, "სოციალ-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში ისინი შესძლებენ მოლაპარაკებას "სახალხო პარტიის" კოალიციასთან, რომელთაც, გამოკითხვის მიხედვით, მესამე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
მიუხედავად იმისა, ვინ გახდება არჩევნებში გამარჯვებული, ახალი მთავრობის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა იქნება.
არჩევნებში მონაწილე სამივე პარტია წინასწარ ეთანხმება საერთაშორისო კრედიტის მიღების ინიციატივას. კრედიტის მოცულობა 78 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ მისი მიღების ერთ-ერთი პირობა ქვეყნის ბიუჯეტის ეკონომიაა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ "სოციალისტური პარტიის" ლიდერი ჟოზე სოკრატესი, რომელიც ამავე დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, ცდილობდა პარლამენტში გაეტანა კანონპროექტები, რომლის შედეგადაც მოხდებოდა ბიუჯეტიდან დანახარჯების შემცირება, თუმცა ის ოპოზიციამ დაბლოკა. პროტესტის ნიშნად სოკრატესმა პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ის მოვალეობას დღემდე ასრულებს.