მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერ ეკა ბესელიას შეფასებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილ უფროსს, გიორგი გეგეჭკორს, რომელიც შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა, 26 მაისის აქციის დარბევისას გამოჩენილი "თავდადება" დაუფასდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტომ უწყების გენინსპექციის უფროსად გეგეჭკორის დანიშვნით, ერთი მხრივ, მას მაისის აქციების დროს გამოჩენილი "თავდადება" დაუფასა, რაც აქციის მონაწილეთა მიმართ სისტიკად მოპყრობაში აისახებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რაოდენ ცინიკური დამოკიდებულება აქვს მას საზოგადოების განწყობის მიმართ", - ნათქვამია ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.
მისი შეფასებით, საინტერესოა თავად ის ფაქტიც, რომ გეგეჭკორს ახალ თანამდებობაზე "ევალება, სისტემაში გამოავლინოს დამნაშავე პოლიციელები, რაც თავისთავად დიდი აბსურდია".
"ეს არის აბსურდი, რადგან თავად გეგეჭკორი გვევლინებოდა წლების განმავლობაში დამნაშავის რანგში და ყოველთვის მფარველობდა დამნაშავე პოლიციელებს, რაც არაერთხელ იხილა ჩვენმა საზოგადოებამ. ვფიქრობ, ძნელი განსაჭვრეტი არაა გეგეჭკორის მომავალი საქმიანობის შედეგები. იმის ნაცვლად, რომ გეგეჭკორი განსასჯელის სკამზე გვეხილა, აწინაურებენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოიხატა შსს-ს დამოკიდებულება ხალხის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.