საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შსს-ის მიერ აღკვეთილ მორიგ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტების და მსგავსი მცდელობების სერიის გაგრძელებას. როგორც ცნობილია, საქართველომ 2010 წლის შემოდგომიდან საქართველოში განხორციელებული რიგი ტერორისტული აქტების გამოძიების მასალა მიაწოდა რუსეთის ფედერაციას და შესთავაზა თანამშრომლობა გამოძიებაში, რაზედაც მოსკოვიდან დღემდე არ მიგვიღია პასუხი. რუსეთი განაგრძობს დანაშაულებრივ პოლიტიკას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა წარმოადგინეს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი და მისი სპეცსამსახურები არა მხოლოდ ტერორიზმის სპონსორები არიან, არამედ უშუალოდ გეგმავენ და ორგანიზებას უკეთებენ ტერორისტულ აქტებს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ მოსთხოვოს, რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზება, აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილ იქნა მორიგი ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია, რომელთაც თან ჰქონდათ 4 კგ ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება დამაზიანებელი საგნებით.
დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, რომ ტერორისტული აქტის განხორციელება მათ დაუკვეთეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა.