საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლასა და მის მიერ სოხუმში გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს.
"2011 წლის 2 ივნისს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, ჩავიდა ოკუპირებულ სოხუმში, სერგეი ბაღაფშის დაკრძალვასთან დაკავშირებით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერდა: "ხელს შევუწყობთ თქვენს საერთაშორისო კონტაქტებს ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის უახლოეს მეზობლებთანაც". მხოლოდ რუსეთისთვის არსებულ ე.წ "ახალი რეალობაში" კი, აფხაზეთს ორი უახლოესი მეზობელი ჰყავს - თავად რუსეთი და საქართველო. კრემლი დაჟინებით ცდილობს თავის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შეუქმნას ლეგიტიმურობის ილუზია და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტად დაამკვიდროს ეთნიკური წმენდა, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების სამხედრო ოკუპაცია და არსებული საზღვრების ძალადობრივი გზით ცვლილება", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ პუტინს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა ეს მცდელობა კრახისთვისაა განწირული.
"არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით შექმნილ და ეთნიკური წმენდის შედეგებზე დაფუძნებულ რუსეთისათვის სასურველ ე.წ. "ახალ რეალობას", - აღნიშნულია განცხადებაში.