„ქართული პარტია" ლევან გაჩეჩილაძისა და კოკა გუნცაძის წასვლით არ დაიშლება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ „ქართული პარტია" მუშაობას ჩვენ რეჟიმში განაგრძობს.
„პარტიის ლიდერები: სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი, კონსტანტინე გოგელია, ეროსი კიწმარიშვილი და პოლიტსაბჭოს წევრები, მრავალათასიან აქტივთან და მხარდამჭერებთან ერთად, აგრძელებენ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც შეიქმნა „ქართული პარტია". მიზანი უცვლელია-არსებული რეჟიმის დამარცხება. ძლიერი, წარმატებული, აყვავებული ქვეყნის აშენება", - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული პარტია" მის უკვე ყოფილ თანაგუნდელებს, გაჩეჩილაძესა და გუნცაძეს „შემდგომ საქმიანობაში" წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ და კოკა გუნცაძემ „ქართული პარტიის" დატოვების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც პარტიიდან წასვლის მიზეზებს განმარტავენ. „თავს ვალდებულად მივიჩნევთ, განვაცხადოთ: 26 მაისის სისხლიანმა სადამსჯელო აქციამ ცხადყო, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი საყოველთაო სისასტიკის და ტოტალური შიშის დანერგვის გზით თანდათანობით ტირანიის სახეს იღებს. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლა მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების სრული კონსოლიდაციით და ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. ერთიანობის ძალა და მისი მორალური სულისკვეთება არის არსებული რეჟიმის დაძლევის ყველაზე მძლავრი და ერთადერთი იარაღი. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფები იმ ძალებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში. ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში "ქართული პარტიის" არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეული იქნას საყოველთაო თანხმობა, რომელიც არის გარანტი არსებული რეჟიმის დამარცხების. ვიბრძოდით და კვლავ ვიბრძოლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის, ხალხის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
გაჩეჩილაძესა და გუნცაძესთან ერთად „ქართული პარტია" კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემაც დატოვეს.