პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, „ქართული პარტიიდან" წამოსვლის თაობაზე ლევან გაჩეჩილაძისა და კოკა გუნცაძის მიერ დასახელებულ მიზეზს „დამაჯერებლობა" აკლია.
„შეიძლება მეხსიერება მღალატობს, მაგრამ არაერთხელ მომისმენია ეროსი კიწმარიშვილისა და სოზარ სუბარისგან განცხადებები იმის თაობაზე, რომ ძალა ერთობაშია და ყველას ერთად უნდა მოეხერხებინა მიზნის მიღწევა, რომ საჭირო იყო გაერთიანება. არ ვიცი, ნიშნავს თუ არა „ქართული პარტიის" დატოვება ლევანისა და კოკასთვის რაიმე ახალი ეტაპის დადგომას, (ამიტომ ნებისმიერი მოქალაქის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ), თუმცა ამ შემთხვევაში, მათ მიერ დასახელებული მიზეზი მეტ დამაჯერებლობას და კონკრეტიკას მოითხოვს, როდის და რა შემთხვევაში არ მოხდა ერთიანობისკენ პარტიის სხვა ლიდერების შეხედულების გამო ნაბიჯის გადადგმა", - განუცხადა ცისკარიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, გაჩეჩილაძისა და გუნცაძის გადაწყვეტილება „ქართულ პარტიას" სხვა ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებთან აახლოებს, რომლებიც ხშირად „ერთი პირის საწარმოს" უფრო ჰგვანან, ვიდრე პოლიტიკურ ორგანიზაციას.
„ქართული პარტია იმით განსხვავდებოდა სხვა პარტიებისგან, რომ არ იყო ერთი პირის საწარმო. ყოველთვის ყველა იმაზე მიუთითებდა, რომ ის ღირსების მატარებელ ხუთ ლიდერს აერთიანებდა. ახლა სამი ლიდერი დარჩა, რითაც „ქართული პარტია" ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს დაუახლოვდება", - განმარტა პოლიტოლოგმა.
ამასთან, სოსო ცისკარიშვილის აზრით, „ქართული პარტიიდან" წამოსვლა არ გაზრდის არც გაჩეჩილაძისა და გუნცაძის რეიტინგს.
"ნებისმიერ ნაბიჯს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. შესაბამისად, მე არ მოველი შესაკრებელად გამომხდარი შეხედულებების რაიმე გადანაცვლებას, რის შედეგადაც ჩემი აზრით, ჯამი არ შეიცვლება", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ და კოკა გუნცაძემ „ქართული პარტიის" დატოვების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც პარტიიდან წასვლის მიზეზებს განმარტავენ. „თავს ვალდებულად მივიჩნევთ, განვაცხადოთ: 26 მაისის სისხლიანმა სადამსჯელო აქციამ ცხადყო, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი საყოველთაო სისასტიკის და ტოტალური შიშის დანერგვის გზით თანდათანობით ტირანიის სახეს იღებს. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლა მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების სრული კონსოლიდაციით და ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. ერთიანობის ძალა და მისი მორალური სულისკვეთება არის არსებული რეჟიმის დაძლევის ყველაზე მძლავრი და ერთადერთი იარაღი. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფები იმ ძალებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში. ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში "ქართული პარტიის" არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეული იქნას საყოველთაო თანხმობა, რომელიც არის გარანტი არსებული რეჟიმის დამარცხების. ვიბრძოდით და კვლავ ვიბრძოლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის, ხალხის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
გაჩეჩილაძესა და გუნცაძესთან ერთად „ქართული პარტია" კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემაც დატოვეს.