საჯარო სკოლის დირექტორებისთვის პედაგოგიური საქმიანობის პროცესში არსებული საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში.
მოქმედ კანონში წერია, რომ დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედამდე, შესაბამისი ანაზღაურებით.
აღსანიშნავია, რომ დღემდე არსებული რეგულაცია გამონაკლის მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლებისათვის უშვებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.
წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დირექტორებისთვის დაწესებული შეზღუდვები იხსნება და მათ საშუალება მიეცემათ პედაგოგიური საქმიანობა განახორციელონ.
კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.