აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც პარტიიდან წასვლის მიზეზებს განმარტავენ.
„თავს ვალდებულად მივიჩნევთ, განვაცხადოთ: 26 მაისის სისხლიანმა სადამსჯელო აქციამ ცხადყო, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი საყოველთაო სისასტიკის და ტოტალური შიშის დანერგვის გზით თანდათანობით ტირანიის სახეს იღებს. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლა მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების სრული კონსოლიდაციით და ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. ერთიანობის ძალა და მისი მორალური სულისკვეთება არის არსებული რეჟიმის დაძლევის ყველაზე მძლავრი და ერთადერთი იარაღი. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფები იმ ძალებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში. ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში "ქართული პარტიის" არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეული იქნას საყოველთაო თანხმობა, რომელიც არის გარანტი არსებული რეჟიმის დამარცხების. ვიბრძოდით და კვლავ ვიბრძოლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის, ხალხის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გაჩეჩილაძესა და გუნცაძესთან ერთად „ქართული პარტია" კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემაც დატოვეს.