რომში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნისა და ორგანიზაციის ლიდერთან გამართა შეხვედრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკშვილსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის საუბრის მთავარი თემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება და ევროინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების საკითხსაც შეეხნენ და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარებაც მიმოიხილეს.
დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინიერას შეხვდა. ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.