საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე კუბაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კუბელ კოლეგას შეხვდა.
ბრუნო პარილიასთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები განიხილები.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ კუბელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩემს კუბელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე იმ პრინციპული, კარგად გააზრებული პოზიციის გამო, რომელიც კუბის მთავრობამ დაიკავა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანაა დაინტერესებული ისეთ სფეროებში თანამშრომლობით, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, მეცნიერება და ჯანდაცვა. ასევე გამოიკვეთა ძალიან საინტერესო პროგრამები განათლების სექტროში", - განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ბრუნო პარილიასთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კუბაში 1-ელ ივნისს გაემგზავრა. გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 4 ივნისს დაასრულებს.