ხვალ, 4 ივნისს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოთხკაციანი დელეგაცია თბილისს ეწვევა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, დელეგაციის დღის წესრიგშია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას დაგეგმილი აქვს მთელი რიგი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციაში იქნებიან: დევიდ დრაიერი (რესპუბლიკელი, კალიფორნია), დევიდ პრაისი (დემოკრატი, ჩრდილოეთი კაროლინა), სუზან დევისი (დემოკრატი, კალიფორნია) და ბრედ მილერი (დემოკრატი, ჩრდილოეთი კაროლინა). დელეგაციის ხელმძღვანელი,Qწარმომადგენელი დრაიერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის "პარტნიორობა დემოკრატიისათვის" კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო წარმომადგენელი პრაისი - ამავე კომისიის წევრი. "პარტნიორობა დემოკრატიისათვის" აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიაა, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს 14 სახელმწიფოსთან, მათ შორის, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ეფექტური, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარებას.