ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2010 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში არაადამიანური და ღირსების შემლახავი დაკავების პირობები - რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობითაა გამოწვეული - და არასათანადო ჯანდაცვა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება.
"ეს წამების პრევენციის ანგარიშშიცაა ასახული. ფსიქიატრიული პაციენტების მკურნალობაც შეშფოთებას იწვევს. შედარებით ნაკლები წინსვლა აღინიშნება სასჯელაღსრულებით და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში, მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა და წინასწარ დაკავების იზოლატორებში მყოფთა იურიდიული დახმარების თვალსაზრისით", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2010 წლის თებერვალსა და ივლისში შეტანილი ცვლილებები სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებად მიიჩნევა.
"ამ ცვლილებების განხორციელება და სისხლის სამართლის კანონმდებლობის, ასევე სასჯელის პოლიტიკის უფრო საფუძვლიანი გადახედვა, მნიშვნელოვანია", - აღნიშნულია ანგარიშში.
შეაგხსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გამოაქვეყნეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური "პაკეტი სამეზობლოსთვის", რომელშიც შედის: კომუნიკაცია განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დაწყების შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორისსაქართველოში, მიღწეული ცვლილებების შესახებ, სექტორული ანგარიში და ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ.