"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "ვერე პალასში" გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა "სახალხო კრების" წევრებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე.
"მათ დაურიგდათ ფოტო- და ვიდეომასალა, ასევე ქართული და უცხოური მედიის მიერ ობიექტურად გაშუქებული პუბლიკაციები, ინფორმაცია, რომელსაც მიზანმიმართულად ბლოკავს რეჟმისაგან მართული ე. წ. "სახელისუფლებო ტელევიზიები", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" კრებაში.
მათი ინფორმაციით, "სახალხო კრების" ლიდერებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცეს ინფორმაცია ასობით უკანონოდ დაკავებული, ნაცემი და გაუჩინრებული ადამიანის შესახებაც.
"ისაუბრეს ტერორზე, რომელიც მძვინვარებს არა მარტო ქვეყნის დედაქალაქში, არამედ რეგიონებში. ამ დრომდე ოჯახის წევრები ვერ იღებენ ინფორმაციას დაზარალებულთა და დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ, რეჟიმი ადვოკატებს ხელს უშლის თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში", - აღნიშნავენ "სახალხო კრებაში".
ლიდერებმა სტუმრებს მიმართეს თხოვნით, "გააგებინონ მსოფლიოს სიმართლე, იმის შესახებ თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ჩაერთონ უკანონო პატიმრების უფლებათა დაცვაში, დაეხმარონ უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და ადვოკატებს საპატიმროებსა და საავადმყოფოებში უპრობლემოთ კანონით დადგენილი წესით, მოინახულონ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფნი".
"აღინიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, საბჭოთა ხელისუფლებამაც კი შექმნა საგამოძიებო კომისია. სააკაშვილის რეჟიმი კომისიის შექმნაზე აცხადებს უარს. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭომ მოითხოვა შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო კომისია და გამოვლინდნენ კონკრეტული დამნაშავენი, რომლებიც უნდა წარდგნენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე. "სახალხო კრების" აღასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ ევროპამ 26 მაისს ახალი დიქტატორი მიიღო მიხეილ სააკაშვილის სახით. ჩვენ ველით, რომ ევროპა ამას არ შეეგუება", - აცხადებენ კრებაში.