"რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე "საქართველოს სპეცსამსახურებისა და დივერსიული ჯგუფების გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს". ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ჟენევის დისკუსიებზე ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება უსაფრთხოების საკითხზე სამხრეთ კავკასიაში. ბოლო დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოსთან რამდენიმე რიგი შემაშფოთებელი ინციდენტი მოხდა, რომლებსაც შედეგად ადამიანების გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნება საქართველოს სპეცსამსახურებისა და დივერსიული ჯგუფების გააქტიურება, რომლებმაც სპეცოპერაციების ჩატარება უკვე მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე დაიწყეს. ასე რომ, საჭიროა დაწვრილებითი ანალიზი იმ ტენდენციებისა, რომლებიც მდგომარეობას ძაბავენ", - განაცხადა ლუკშევიჩმა და დასძინა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7 ივნისს გაიმართება და რუსულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს.