ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტული ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას "26 მაისის აქციის დაშლისას და მის შემდგომ პერიოდში, პოლიციის მიერ ცუდი მოპყრობისა და ძალადობის ფაქტების" გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას ერთი პოლიციელის გარდაცვალებისა და რამდენიმეს დაშავებულის შესახებ და სანდო ცნობებს მომიტინგეთა მიერ ჩადენილი ძალადობის თაობაზე. Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდებები არ უნდა იქცეს პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონის და საერთაშორისო სტანდარტების იგნორირების საბაბად.
საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დაკავებულთა უფლებების დაცვა და სასამართლო პროცესების სამართლიანობა და გამჭვირვალობა.
Amnesty International-ი მიესალმა იმ ფაქტს, რომ შსს-მ ბოდიში მოუხადა საპროტესტო აქციის დაშლისას დაზარალებულ ჟურნალისტებს, თუმცა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ბოდიში არ უკავშირდებოდა მიტინგში მონაწილეთა მიმართ არსებულ დარღვევებს.