ვანუატუს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ოფიციალურად არ უღიარებია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს ოფიციალური დადასტურება იმის, რომ ამ სახელმწიფომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
"ამ შემთხვევაში საერთოდ ვირტუალურ სურათთან და "ლენტა.რუ"-ებთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს სასურველის რეალურად გასაღებას", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რუსეთი ისეთ პატარა სახელმწიფოებთან ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის ყიდვას, რომლებიც საერთაშორისო სამართალში ნაკლებად არიან ჩახედულები, მაგრამ ამის მიუხედავად "წარმატებას" მხოლოდ ნაურუში მიაღწია.
"ასეთ შემთხვევები ხაზს უსვამს იმ კანონზომიერებას, როგორიცაა "გამონაკლისი ყოველთვის ამტკიცებს კანონს". ასეა მეცნიერებაშიც და პოლიტიკაშიც", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.