"ეროვნულ საბჭოში" 26 მაისს, აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ცხელი ხაზი ამოქმედდა.
როგორც საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბიძინა გუჯაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნებისმიერ დაზარალებულს შეუძლია დარეკოს ნომერზე 22-27-99, სადაც მას იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ.
„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გახდნენ ამ რეპრესიების მსხვერპლნი და რაიმე ფორმით განიცდიან უკანონო ზემოქმედებას, მოვუწოდებთ, მოგვმართონ. ჩვენ მათ გავუწევთ კვალიფიციურ დახმარებას და მათ შესახებ ვაცნობებთ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციასა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს", - აღნიშნა გუჯაბიძემ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება დღესაც აგრძელებს "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა დაპატიმრებას, თვალთვალს და ფიზიკურ ანგარიშსწორებას.